არჩილ გორდულაძე: გერმანიის ელჩი დგას იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც გამორჩეულები არიან ფაშისტური და ნაცისტური განცხადებებითა და ქმედებებით

„ეს არის ადამიანი, რომელიც ერთი ჩვეულებრივი, კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გაერთიანებული პარტიის წევრი გახდა“, - ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს.
მმართველი გუნდის დეპუტატი მოუწოდებს გერმანიის ელჩს, განაცხადოს, რომ ნაციზმი საქართველოში ისევე მიუღებელია, როგორც გერმანიაში.
„გერმანიის ელჩი დგას იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც გამორჩეულები არიან ფაშისტური და ნაცისტური განცხადებებითა და ქმედებებით.
გამოვიდეს ეს ადამიანი, კეთილი ინებოს და მაგალითად, გააკეთოს განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ გუშინდელი ე.წ. აქცია და რეალურად პროვოკაცია როგორ იგეგმებოდა - პირდაპირ ჯგუფებში წერდნენ, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები უნდა დავიჭიროთ, დავაბათ, წარწერები გავუკეთოთ, საღებავები შევასხათო.
კეთილი ინებოს [ელჩმა] და როგორც გერმანელს, ღირსეულ ადამიანს და ერს შეეფერება, ახლა მაინც თქვას, ნაციზმი საქართველოში ზუსტად ისევე მიუღებელია, როგორც გერმანიაში“, - აღნიშნავს გორდულაძე.