Loading data...
არჩილ გორდულაძე: ევროკავშირის ბიუროკრატიაში ევროპის ნასახიც კი აღარ არის, ფეხქვეშ თელავენ ქართველი ხალხის არჩევანს, თურმე ქართველ ხალხზე უკეთ იციან, ვინ შეიძლება, იყოს მისი ხელისუფალი

ევროკავშირის ბიუროკრატიაში ევროპის ნასახიც კი აღარ არის, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

არჩილ გორდულაძეს დაუსვეს კითხვა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებაზე: „ჩვენ ქართველ ხალხს ვუჭერთ მხარს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას, რომელიც არასწორი მიმართულებით მიდის“.

როგორც არჩილ გორდულაძე აცხადებს, ეს განცხადებები დემოკრატიული საფუძვლის პირდაპირი ჩამონგრევაა.

„ევროკავშირის ბიუროკრატიაში ევროპის ნასახიც კი აღარ არის და ეს განცხადებები ამაზე მეტყველებს. კაია კალასი საუბრობს, თითქოს, არსებობს ცალკე ხალხი და ცალკე არჩეული ხელისუფლება.

ეს მთავარ ფუძემდებლურ პრინციპს ფეხქვეშ თელავს, რაზეც დასავლური ცივილიზაცია დგას და რომელიც დემოკრატიის საწყისია, რადგან ხალხი იღებს გადაწყვეტილებას და ირჩევს ხელისუფალს. მას თუ წარმოუდგენია, რომ ვინმე გარედან უნდა იყოს დანიშნული, რომელსაც „ხელისუფალი“ კარზე ეწერება, ეს ასე არ გამოვა.

როდესაც ასეთი განცხადებები კეთდება, ეს აჩენს ევროკავშირისა და დასავლეთის მიმართ სკეპტიციზმს, რაც ჩვენი მიზანი ნამდვილად არ არის. ასეთი განცხადებებით ქართველი ხალხის ნების უგულებელყოფა ხდება.

ფეხქვეშ თელავენ მათ არჩევანს და ვინმე მიუთითებს, რომ თურმე ქართველ ხალხზე უკეთესად იცის გარედან ვინ შეიძლება, იყოს ხელისუფალი, ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვაზე. ეს ჩარევის მაგალითია, დემოკრატიის გადახაზვა. იმის მაგალითიცაა, რომ უბრალოდ არავითარი საერთაშორისო წესრიგი აღარ არსებობს“, - აღნიშნა გორდულაძემ.