Loading data...
არჩილ გორდულაძე დებატებზე: მზად ვართ, ვესაუბროთ ყველას, ვისთვისაც საქართველო არის სამშობლო და არა მხოლოდ და მხოლოდ წარწერა პასპორტზე

მზად ვართ, ვესაუბროთ ყველას, ვისთვისაც საქართველო არის სამშობლო და არა მხოლოდ და მხოლოდ წარწერა პასპორტზე, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ საჯარო დებატებთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, აუცილებელია დისკუსია, საუბარი, კამათი, რომელშიც შემდეგ ჭეშმარიტება იბადება.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ეს მოცემულობა, რაც დგას, ისევ და ისევ გარედან ანგაჟირებული პირებისგან და ამ ქვეყნის მოძულეებისგან არის ინსპირირებული, რომ აუცილებლად ხიდჩატეხილობა იყოს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს შორის. არ არსებობდეს არავითარი სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნებოდა დისკუსია. არ უნდა არსებობდეს არცერთი შესაძლებლობა, რომ ადამიანებმა აზრები გაცვალონ, რაც არ უნდა მწვავე საკითხი იყოს. შესაბამისად, ეს ყველაფერი წლების განმავლობაში დაგროვდა, რომ ამ დაძაბულობის ფონზე გარკვეულმა ძალებმა თავიანთი მიზანი აღასრულონ და სიმართლე არ ისმოდეს.

ჩვენი განწყობა არის, რომ აუცილებელია დისკუსია, აუცილებელია საუბარი, აუცილებელია კამათი, რომელშიც შემდეგ ჭეშმარიტება იბადება. აუცილებელია განსხვავებული აზრების ერთმანეთში გაცვლა. ამისთვის აუცილებელია, რომ ადამიანები მოწადინებულები იყვნენ რეალურად საკითხზე და არა შეურაცხყოფებზე, ლანძღვა-გინებაზე, მაგიდის აყირავებაზე, რომლის არაერთი მცდელობაც გვინახავს არცთუ ისე შორეულ წარსულში. ჩვენ მზად ვართ, ვესაუბროთ ყველას, ვისთვისაც საქართველო არის სამშობლო და არა მხოლოდ და მხოლოდ წარწერა პასპორტზე.

ჩვენ ფაქტებით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს სახელი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისთვის ან თავიანთი პატრონების ინტერესის გასატარებლად გამოიყენონ. ჩვენ კი, ვისთვისაც სამშობლო სამშობლოა, ვისთვისაც კონსტიტუცია ნამდვილად არის უმაღლესი, უზენაესი კანონი და პატივს სცემს მას, მზად ვართ ყველას დავუსხდეთ, ვილაპარაკოთ, ვიკამათოთ და მივიღოთ სხვადასხვა გადაწყვეტილება“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დებატის საჭიროებისა და მნიშვნელობის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. 

„ჩვენ უნდა დავაბრუნოთ საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც სრულყოფილი დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - აცხადებს პრემიერი.