Loading data...
არჩილ გორდულაძე დანიის მოვლენებზე: დემონსტრანტების პოზიციის დასახშობად, სპეციალური საშუალებები, ხელკეტები და ძაღლები გამოიყენეს, ქართველ სამართალდამცველებს კი ლეგიტიმური საპასუხო ღონისძიებების გამო ესხმიან თავს

„სამწუხაროდ, შეჩვეულები ვართ, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ ისმის უსამართლო ბრალდებები სხვადასხვა ევროპული ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან“, - ასე ეხმაურება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე დანიაში განვითარებულ მოვლენებს.

გორდულაძე ორმაგ სტანდარტებზე ამახვილებს ყურადღებას.

„დანიაში სამართალდამცველებმა გამოიყენეს სხვადასხვა სპეციალური საშუალება, ხელკეტები და ძაღლები, იმისთვის, რომ დემონსტრანტების პოზიცია დაეხშოთ. ხოლო ჩვენს ქვეყანაში, როდესაც საათების განმავლობაში ცდილობდნენ, ცოცხლად დაეწვათ სამართალდამცველები, შენობა-ნაგებობები, გაენადგურებინათ სახელმწიფო და კერძო საკუთრება და გადატრიალება მოეხდინათ, ამაზე ლეგიტიმური საპასუხო ღონისძიებები განახორციელა სამართალდამცავმა ორგანოებმა, თან - გაცილებით მაღალი სტანდარტით, ვიდრე ეს არის ევროპული და ამერიკული, ამაზე ჩვენ ვისმენთ შემოტევას, არათუ კრიტიკას, პირდაპირ თავდასხმას ქართველ სამართალდამცველებზე, ქართულ სახელმწიფოზე. ეს კიდევ ერთი მაგალითია პოლიტიკური ანგაჟირებისა“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

13 მაისს, დანიის პოლიციამ აქციის მონაწილეების მიმართ გადამეტებული ძალა გამოიყენა, 20-მდე მოქალაქე დააკავა, ათეულობით კი დაშავდა. ადგილობრივი მედიით გავრცელებულ კადრებში ჩანს, ხელკეტებითა და გაწვრთნილი ძაღლებით, როგორ გაუსწორდა პოლიცია აქტივისტებს, მათ შორის, პრესის წარმომადგენლებს. ამ დროს, დემონსტრანტები დანიის ხელისუფლების მხრიდან, ისრაელისთვის იარაღის გადაზიდვაში დახმარებას აპროტესტებდნენ.