არჩილ გორდულაძე: ჩვენ კომპრომისებზე არ მივდივართ ქართველი ჯარისკაცების ხარჯზე
ჩვენ კომპრომისებზე არ მივდივართ ქართველი ჯარისკაცების ხარჯზე, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.
გორდულაძის თქმით, „ნაცმოძრაობის“ მიერ ჩადენილ დანაშაულებზე სხვა პარტიების წარმომადგენლები ხმის ამოღებასაც ვერ ბედავენ.
„ერთი მთავარი, რაც აუცილებლად უნდა ითქვას, ჩვენ კომპრომისებზე არ მივდივართ ქართველი ჯარისკაცების ხარჯზე, ჩვენ კომპრომისებზე არ მივდივართ იმ ჩანაწერის გამო, რომ თითქოს საქართველომ კასეტური ბომბები გამოიყენა საქართველოს მოსახლეობის მიმართ. ამ კომპრომისზე არასდროს წავალთ. ამ ყველაფრის მხარდამჭერს რომ აქვს შესაძლებლობა, თქვას, რომ ეს დიპლომატიური წარმატება იყოო, ჩვენი აზრით, ეს უკვე კლასიკური ღალატია. ამაზე მეტ ღალატს ისინი უბრალოდ ფიზიკურად ვერ ჩაიდენენ. საინტერესო რა არის, იცით? - სხვა პარტიები ხმის ამოღებასაც კი ვერ ბედავენ. სხვა პარტიები, მაგალითად, სისტემურ და სისტემატურ დანაშაულებთან დაკავშირებით ვერც კი ბედავენ და ვერ ამბობენ, არ იყოო, ან ამბობენ, რომ ცალკეული დანაშაულები იყოო და ამის მიუხედავად, „ნაცმოძრაობა“ არ უნდა გასამართლდეს და არ უნდა აიკრძალოსო. იცით, რატომ? - იმიტომ, რომ ისევ და ისევ იმ ერთიან ორგანიზმს წარმოადგენენ, ერთი თანაზიარნი არიან იმ დანაშაულებისა, მათ შორის ამ დანაშაულებზე დათანხმებით, არგამიჯვნით და არდაგმობით, როგორი სისტემაც, სისხლიანი რეჟიმიც ჰქონდა „ნაცმოძრაობას“ შექმნილი.
ამიტომ, რომ შევაჯამოთ, ჩვენი ვალდებულებაა, ვიყოთ ერთგულნი საქართველოს კონსტიტუციისა და მისი მთავარი პოსტულატის, მთავარი საფუძვლის, რომ გადაწყვეტილებას იღებს ქართველი ხალხი. ქართველ ხალხს ვინც არ სცემს პატივს, ასეთი პარტიების ადგილი საქართველოს დემოკრატიულ სახელმწიფოში არ არის“, - აღნიშნა მან.