ალუდა ღუდუშაური საკონსტიტუციო სარჩელზე: სასამართლო პროცესები მიდის, სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს, როგორ შეიძლება, კეთდებოდეს ისეთი განცხადებები, რომლებიც, რა თქმა უნდა, იმთავითვე გამიზნულია მართლმსაჯულებაზე ზეგავლენის მოხდენაზე
„სასამართლო პროცესები მიდის, ის ღიაა და ამას ყველა ხედავს და სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს, როგორ შეიძლება, კეთდებოდეს ისეთი განცხადებები, რომლებიც, რა თქმა უნდა, იმთავითვე გამიზნულია მართლმსაჯულებაზე ზეგავლენის მოხდენაზე“, - ასე ეხმაურება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებას, რომელმაც პოლიტიკური პარტიების აკრძალვის პროცესის გამო შეშფოთება გამოთქვა.
ალუდა ღუდუშაურმა აღნიშნა, რომ თავად სარჩელი ავტორები სამართლებრივ ასპექტებსა და მოცემულობას პატივს სცემენ.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ სარჩელის ავტორები და ამავდროულად პოლიტიკოსები, სამართლებრივ ნიუანსებს, ასპექტებსა და მოცემულობას პატივს ვცემთ და ერთგვარად ვიცავთ. ყოველთვის, როდესაც ხარ მხარე, მეტი სივრცე გაქვს, რომ ისაუბრო შენს პოზიციაზე. მიუხედავად ამისა, ჩვენც კი არ ვსაუბრობთ მომეტებულად იქიდან გამომდინარე, რომ მართლმსაჯულებას, ზოგადად სასამართლო ხელისუფლებას პატივს ვცემთ. ამის ნაცვლად ხედავთ, როგორი მოცემულობაა. ღიმილის მომგვრელი იქნებოდა, საქმე ასეთ მნიშვნელოვან მოცემულობასთან რომ არ გვქონდეს - როდესაც ვხედავთ [განცხადებებს] დასავლეთის წარმომადგენლების მხრიდან და ამ შემთხვევაში ამ პირისგან. დარწმუნებული ვარ, მათ ძალიან კარგად ესმით - სანამ სასამართლო პროცესები მიდის, ის ღიაა და ამას ყველა ხედავს, და სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს, როგორ შეიძლება, კეთდებოდეს ისეთი განცხადებები, რომლებიც რა თქმა უნდა, იმთავითვე გამიზნულია მართლმსაჯულებაზე ზეგავლენის მოხდენაზე.
ამასაც კი აღარავინ ერიდება ღიად - ჯერ პროცესი არ არის დასრულებული და ვხედავთ, როგორი განცხადებებია. ეს ხომ ცალსახად მიუთითებს და როგორც მინიმუმ, აზიანებს და მიმართულია სასამართლოზე, მართლმსაჯულებაზე ზემოქმედებისკენ. ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა არის ამ ქვეყნის და თითოეული მოქალაქის ვალდებულება, რა თქმა უნდა, ეს ხელისუფლების მომეტებული ვალდებულებაა და ჩვენ ამას გავაკეთებთ.
ყველა ვალდებულია, რომ საქართველოს ინსტიტუციებს და საქართველოს ინტერესს პატივი სცენ. შესაბამისად, დაელოდონ პროცესებს და დარწმუნებული ვარ, ამის შემდეგ არგუმენტები საერთოდ არ ექნებათ. პოლიტიკური განცხადებების გაკეთება და შეფასება რა თქმა უნდა, ყველას უფლება იქნება, მაგრამ მთავარი და მნიშვნელოვანია, საზოგადოება დაინახავს, სად არის სიმართლე“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.