Loading data...
ალუდა ღუდუშაური ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირებაზე: ლოგოს საიდან ამოიღებენ, არაფერს ცვლის - სწორედ „ნაციონალური მოძრაობაა“ თითოეულ მათგანში

ალიანსიდან გარიცხეს თუ თავად წავიდნენ? - ოპოზიციაში ურთიერთბრალდებები გრძელდება. ალიანსი, რომელიც ოპოზიციური ერთობა უნდა ყოფილიყო, დაშლის პირასაა და აზრთა სხვადასხვაობაა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ ვინ გარიცხა. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი ნაწილი აცხადებს, რომ ალიანსიდან გარიცხეს, მეორე ნაწილი კი ამტკიცებს, რომ ალიანსთან კომუნიკაცია თავად არ ჰქონდათ.

ამ დაპირისპირებაზე შეფასებები კეთდება მმართველ გუნდშიც.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ალუდა ღუდუშაურის შეფასებით, არაფერს ცვლის, ვის რომელი ლოგოდან ამოიღებენ, რადგან ალიანსის ყველა წევრი მაინც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობაა“.

„ლოგოს საიდან ამოიღებენ და რომელი ლოგოთი ჩაანაცვლებენ, ეს არაფერს ცვლის. მეტიც, ეს არის მცდელობა იმისა, რომ ქართველ ხალხს თვალში ნაცარი შეაყარონ და შეურაცხყოფა მიაყენონ. როგორ შეიძლება ვსაუბრობდეთ იმაზე, რომ ბატონი გვარამია ან რომელიმე სხვა იქ დასახელებული პირები, მაგალითად, ბოკერია, იღებდეს წითლიძის ლოგოს თუ სკამს, გვერდზე დებდეს და იძახდეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვენთან არ არის. სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ არის თითოეულ მათგანში, ისინი არიან მთავარი შემოქმედები და, ბუნებრივია, ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად და ძალიან სწორად იცის, თუ ვინ არიან“, - აცხადებს ალუდა ღუდუშაური.