ალუდა ღუდუშაური: ჩეხეთში ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას კიდევ უფრო განამტკიცებს, გამოწვევებით სავსე მსოფლიოში მნიშვნელოვანია მჭიდრო კონტაქტების გაძლიერება ისეთ ქვეყანასთან, როგორიც ჩეხეთია
ჩეხეთში ვიზიტისას ვისაუბრებთ, რა ნაბიჯებს დგამს საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ხაზი გაესმება მიდგომას, რომ სამართლიანი თამაშის წესები უნდა იყოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ჩეხეთში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
„ეს ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას კიდევ უფრო განამტკიცებს. რაც ყველაზე მთავარია, გამოწვევებით სავსე მსოფლიოში მნიშვნელოვანია მჭიდრო კონტაქტების გაძლიერება ისეთ ქვეყანასთან, როგორიც ჩეხეთია. დარწმუნებული ვარ, ოფიციალური ვიზიტი შედეგებს მოიტანს. ვფიქრობ, რომ ხალხებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო განმტკიცდება“, - აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.
მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში ხაზი გაესმება იმ გამოწვევებს, რომელიც მსოფლიოშია.
„ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა ნაბიჯებს დგამს საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობის თვალსაზრისით. ასევე ხაზი გაესმება იმ მიდგომას, რომ სამართლიანი თამაშის წესები უნდა იყოს. ბუნებრივია, მსჯელობა იქნება იმ პროგრესზე, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია, რიგ მიმართულებებში მოწინავეები ვართ. ხაზს გავუსვამთ იმას, რომ სამართლიანი მიდგომა უნდა იყოს და საერთო თამაშის წესები. დარწმუნებული ვარ, რომ ჩეხეთის მხრიდან ამას ადეკვატური მხარდაჭერა ექნება“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, პრაღაში ჩეხეთის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის ტომიო ოკამურას ოფიციალური მიწვევით გაემგზავრა.