Loading data...
ალექსანდრე დარახველიძე უკანონო მიგრაციაზე: მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს ჯარიმების ზრდა იმ უცხოელებისთვის, ვინც ქვეყანაში უვიზოდ მოგზაურობის წესებს არღვევს

„მიმდინარე წელს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაორმაგებული და უფრო მეტი პირის გაძევება მოხდა ქვეყნიდან“, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ უკანონო მიგრაციაზე საუბრისას.

მისივე თქმით, უფრო მეტად გაძლიერდება აღნიშნული მიმართულება.

„წლის ბოლომდე იქნება ის რაოდენობა, რომელიც, შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლების მანძილზე არ გვქონია გაძევებული პირების მიმართულებით.

მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს ასევე ჯარიმების ზრდა იმ უცხოელებისთვის, ვინც ქვეყანაში უვიზოდ მოგზაურობის წესებს არღვევს. მინიმალური ჯარიმა ათასი ლარით განისაზღვრება და შემდგომში უკვე დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე იზრდება ჯარიმის ოდენობა. ასევე, დამატებით დაწესდა ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა, რომელიც მინიმუმ 6 თვე იქნება, ხოლო კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლოა სამ წლამდეც კი დაუწესდეს უცხოელებს“, - აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.