ალექსანდრე დარახველიძე: „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ მომზადებული კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას

ეს არის მასშტაბური ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, ერთი მხრივ, უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას და, მეორე მხრივ, ქვეყანაში უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
„საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგდება ნორმები, რომლებიც აღარ მისცემს უცხოელებს საშუალებას, ბოროტად გამოიყენონ თავშესაფრის სისტემა და ქვეყანაში დარჩნენ ხანგრძლივად. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ცვლილებები ეხებათ იმ უცხოელებს, რომლებიც ქვეყანაში არღვევენ კანონს, უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს. მათ შორის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს დაემატა სახდელის ახალი სახე - ეს არის ქვეყნიდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა. ეს სახდელი შეიძლება გამოყენებული იქნეს ისეთი ქმედებებისთვის, როგორიც არის, მაგალითად, წვრილმანი ხულიგნობა, პოლიციის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა, შეკრება-მანიფესტაციის წესის დარღვევა და ქვეყანაში მოგზაურობის დადგენილი ვადების დარღვევა.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ცვლილებები ხორციელდება სისხლის სამართლის კოდექსშიც - შემოდის სასჯელის ახალი სახე, ქვეყნიდან უცხოელის გაძევება, მისი ქვეყანაში შემოსვლის გარკვეული ვადით აკრძალვა. კონკრეტული დანაშაულების მიხედვით განსაზღვრულია ვადები, რა ვადებიც შეიძლება დაწესდეს იმ უცხოელების მიმართ, რომლებიც ქვეყანაში ჩადიან დანაშაულს. ეს არის მასშტაბური ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, ერთი მხრივ, უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას, მეორე მხრივ, ქვეყანაში უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით მიიღო.