ალექსანდრე დარახველიძე მიგრაციის ახალ კანონთან დაკავშირებით საუბრისას: „სისხლის სამართალშიც ემატება სასჯელის ახალი სახე, ქვეყნიდან გაძევება და შემოსვლის გარკვეული ვადით აკრძალვა“

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, მიგრაციის შესახებ ახალ კანონთან დაკავშირებით ისაუბრა.
მისი თქმით, ყველა მექანიზმი, რომელიც პრაქტიკაში გამოვლინდა, რომ იყო ხვრელი კანონში და იყენებდნენ კონკრეტული პირები ქვეყანაში ლეგალურად ხანგრძლივი ვადით დარჩენის მიზნებისთვის, საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგდება და იქნება კონკრეტული გამართული მექანიზმები, რომელიც უწყებას საშუალებას მისცემს, ადამიანებს, რომლებსაც თავშესაფარი არ ესაჭიროებათ, დროულად ეთქვათ უარი და დაიწყოს გაძევების პროცედურა.
„შემოდის სახდელის, ანუ ადმინისტრაციული სახდელის ახალი სახე ქვეყნიდან გაძევება, რომელსაც გამოვიყენებთ იმ ადამიანების მიმართ, ვინც სჩადის კონკრეტულ გადაცდომებს, როგორიც არის მაგალითად, წვრილმანი ხულიგნობა, პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა, შეკრება-მანიფესტაციების წესის დარღვევა. საზოგადოება ხედავდა, რომ არაერთი უცხოელი მონაწილეობდა გასული წლის აქციებზე, მათ შორის, რამდენიმე მათგანი პარლამენტის შენობაშიც კი დავაკავეთ და მოგვიწია შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. ასევე გამოყენებული იქნება იმ პირების მიმართ, ვინც არღვევს ქვეყანაში უვიზოდ მოგზაურობის წესებს. არის კონკრეტული ვადები. თუ ვთქვათ, ნაკლებად მძიმე დანაშაულს ჩაიდენს, შედარებით მცირე ვადებია, 5-დან 10 წლამდე, ხოლო განსაკუთრებით მძიმე და მძიმე დანაშაულისთვის უვადო შეზღუდვაც კი შეიძლება, დაწესდეს“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.