Loading data...
აკაკი ალადაშვილი რადიკალებზე: ისინი არ წარმოადგენენ ჩემთვის ოპოზიციას, ისინი არიან რადიკალური დაჯგუფებები, როდესაც პოლიტიკური ველიდან გაქრებიან, გაჩნდება მეტი სივრცე ახალი და ჯანსაღი მართლა ოპოზიციური პარტიებისთვის, რომლებსაც ექნებათ სახელმწიფო ინტერესები პირველ პლანზე დაყენებული

„საკონსტიტუციო სარჩელის შეტანა და რადიკალური დაჯგუფებების საკონსტიტუციო სარჩელით აკრძალვის მოთხოვნა არის ჩვენი საკონსტიტუციო უფლება. ისინი არ წარმოადგენენ ჩემთვის ოპოზიციას, ისინი არიან რადიკალური დაჯგუფება“, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აკაკი ალადაშვილმა.

მისი თქმით, პარტიები, რომლებიც საკონსტიტუციო სარჩელში მოხვდნენ, არ წარმოადგენენ ოპოზიციას, ისინი არიან რადიკალური ძალები და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მათ პოლიტიკური საქმიანობა აეკრძალოთ.

„ეს მოგვცემს იმას, რომ გაჯანსაღდება საქართველოში დემოკრატიული პროცესები. ეს ადამიანები როდესაც პოლიტიკურ ველზე არიან, ეს ვერ მოხდება, უშლიან ხელს გაჯანსაღებას. მეორე, ესენი პოლიტიკური ველიდან რომ გაქრებიან და აღარ იქნებიან თავისი ძალადობითა და აგრესიით, გაჩნდება მეტი სივრცე ახალი და ჯანსაღი მართლა ოპოზიციური პარტიებისთვის, რომლებსაც ექნებათ სახელმწიფო ინტერესები პირველ პლანზე დაყენებული, როგორც ჩვენ გვაქვს. თუ გასაკრიტიკებლები ვიქნებით, გაგვაკრიტიკებენ არგუმენტირებულად და არ იქნებიან ძალადობაზე, რევოლუციების მოწყობაზე, გინებაზე, სიძულვილის ენაზე, წყევლაზე ორიენტირებული“, - განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.