Loading data...
ზურაბ ქადაგიძე: საქართველო არ უნდა იქცეს ბრიუსელის დერეფნებში დაგეგმილი ექსპერიმენტების პოლიგონად

„დღეს, როდესაც საქართველო გადამწყვეტ ეტაპზე დგას, აუცილებელია მკაფიოდ განისაზღვროს ის პრინციპები, რომლებიც ჭეშმარიტ სახელმწიფოებრივ სუვერენიტეტს ქმნიან. სუვერენიტეტი არ განისაზღვრება მხოლოდ გეოგრაფიული საზღვრებით — ის შედგება სამი ძირითადი კომპონენტისაგან: ეკონომიკური დამოუკიდებლობა, პოლიტიკური თვითმმართველობა და საგანმანათლებლო-კულტურული ავტონომია“, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ.

მისივე თქმით, სუვერენიტეტის დაცვა არ ნიშნავს კონფლიქტს უცხოეთთან — ეს ნიშნავს პარტნიორობას თანასწორობის საფუძველზე.

„საქართველო არ უნდა იქცეს ბრიუსელის დერეფნებში დაგეგმილი ექსპერიმენტების პოლიგონად. თუმცა ბოლო წლების განმავლობაში სწორედ ამ სამ კომპონენტზე მიმდინარეობს მიზანმიმართული ზეწოლა, იმიტომ, რომ ჩვენ ვერ გვპატიობენ ეკონომიკური დამოუკიდებლობისკენ გადადგმულ ძალიან დიდ ნაბიჯებს. საქართველოს წინააღმდეგ ბრიუსელმა განსაკუთრებული ბრძოლა სამი წლის წინ დაიწყო, როდესაც 75 მილიონზე სახელმწიფომ ძალიან არგუმენტირებულად უარი თქვა, რადგან იყო შესაძლებლობა იმ გარკვეულ სეგმენტზე თვითონ საქართველოს დაეხარჯა თანხა. მაშინ პირდაპირ წამოვიდა ზეწოლა და შეგვახსენეს, რომ იმ ვალს გარკვეული ვალდებულებები მოჰყვებოდა. აღმოჩნდა, რომ ეს ვალდებულებები იყო სასამართლოში პირდაპირ, თუ ირიბად ჩარევა. მეორე კომპონენტი სწორედ აქ შემოდის. იმ აბსურდული „ვეტინგებით“ და სასამართლოში გარე ჩარევებით უნდა მომხდარიყო პოლიტიკური ოკუპაცია, როდესაც ჩვენს ნაცვლად ვინმე უცხოელი ელჩი, ან რომელიღაც ბიუროკრატი იღებს გადაწყვეტილებას. რაც შეეხება მესამე კომპონენტს - სულ ახლახან, როდესაც მინისტრმა მნიშვნელოვანი რეფორმა დააანონსა, მიზანმიმართული კამპანია დაიწყო განათლების რეფორმის წინააღმდეგ. ჯერ ერთი, თავს მოხვეული ნეოლიბერალური სიგიჟე, რითაც წლების განმავლობაში ნაკვებია განათლების სისტემა - უნდა დაინგრეს, დაიშალოს, დემონტაჟი უნდა მოხდეს. იმიტომ, რომ თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ რეალური სუვერენიტეტი არის ამ სამი კომპონენტისგან შემდგარი რეალობა, მაშინ ამ ყველაფერს უნდა გავუფრთხილდეთ“, - აღნიშნა ზურაბ ქადაგიძემ.