თბილისში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის სხდომა გაიმართა
თბილისში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის 68-ე სხდომა გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
კომიტეტის სხდომა საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მეზურნიშვილმა გახსნა.
როგორც ირაკლი მეზურნიშვილმა განაცხადა, საპარლამენტო ასამბლეის წევრი ქვეყნების კანონმდებლებმა მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს, კერძოდ, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინოვაციებზე, ასევე, ხელოვნურ ინტელექტსა და მის როლზე დღევანდელ ცხოვრებაში.
მისივე თქმით, შავი ზღვის რეგიონის ქვეყნები საპარლამენტო დონეზე აქტიურად თანამშრომლობენ და აღნიშნულ მიმართულებებზე მსჯელობას არაერთი შეხვედრა დაეთმო.
კომიტეტის სხდომაზე შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. აგრეთვე, კომიტეტის მომავალი სხდომის გამართვის საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს და კომიტეტის თავმჯდომარის ახალი მოადგილე აირჩიეს.
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის სხდომას ორგანიზაციის 8 ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ.