Loading data...
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი წარადგინა. მომხსენებლის ინფორმაციით, წარმოდგენილი ცვლილებები ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ლიკვიდაციას და მისი ფუნქციების მთავრობისთვის გადაცემას უკავშირდება.

„დღეის მდგომარეობით, საბჭო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სათათბირო ორგანოა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანა სრულად გადავიდა საპარლამენტო მმართველობის მოდელზე, რამაც კიდევ უფრო მნიშვნელოვნად გაზარდა მთავრობის აღმასრულებელი ფუნქციები, მთავრობის საქმიანობის განვლილმა პერიოდმა აჩვენა, რომ საბჭოს ცალკე ორგანოდ ფუნქციონირება, მით უფრო, რომ იგი აღარ წარმოადგენს კონსტიტუციურ ორგანოს, აზრს მოკლებულია. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ საბჭოს მუდმივ წევრებს ძირითადად საქართველოს მთავრობის წევრები და მთავრობას/პრემიერს დაქვემდებარებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებების ხელმძღვანელები წარმოადგენენ, რომლებსაც ქვეყნის მართვის პროცესში უწყვეტი კოორდინაცია და თანამიმდევრული თანამშრომლობა ყოველდღიურ რეჟიმში უწევთ“, - განაცხადა ვახტანგ ბაჩიაშვილმა.

მისივე თქმით, ყოველივე აქედან გამომდინარე, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ცალკე უწყებად ფუნქციონირება მიზანშეწონილად აღარ მიიჩნევა და მთავრობამ მისი ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო. მომხსენებლის ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილებები ძალაში მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან შედის.

სხდომაზე ვახტანგ ბაჩიაშვილმა კომიტეტის წევრებს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე ცვლილებების პაკეტიც გააცნო.

მომხსენებლის განცხადებით, კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, სამინისტროს მმართველობის სფეროს გარდა, ასევე შესაძლებელია სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების მმართველობის სფეროში შემავალ უწყებებშიც შეიქმნას.

დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილი კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას, კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი.