Loading data...
თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით განიხილა

საქართველოს მთავრობის ინიციატივით მომზადებული, „თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა.

საკითხის მომხსენებლის, თავდაცვის მინისტრის მოადგილის გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, წარმოდგენილ რედაქციაში იურიდიული და თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტების მიერ გამოთქმული შენიშვნები სრულად აისახა.

მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წევრებს კოდექსში შესატანი ცვლილებები მუხლობრივად გააცნო.

მან იმ რედაქციულ და შინაარსობრივ ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც კოდექსში პირველი მოსმენის შემდეგ აისახა.

მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტი წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვისა და ეროვნული სამხედრო სამსახურის ორგანიზებასთან, ასევე საქართველოს თავდაცვის ძალებში სამსახურის გავლასთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტების მიზნით მომზადდა.

გრიგოლ გიორგაძემ კომიტეტის წევრებს „თავდაცვის კოდექსის“ კანონპროექტიდან გამომდინარე - „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მუხლობრივად, მეორე მოსმენით გააცნო.

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრებმა სხდომაზე განხილული კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.