თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა მთავრობის ინიციატივის წესით მომზადებულ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა
თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი წარადგინა.
მომხსენებლის განცხადებით, კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში და კადრის სამსახურში ჩასარიცხად პირის მიერ სავალდებულო სამხედრო სამსახურის/წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა აუცილებელი წინაპირობა აღარ იქნება.
მისივე თქმით, კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებით ტექნიკური შეუსაბამობა მოიხსნება, რაც შესაძლებელს გახდის, რომ ზემოაღნიშნულმა პირებმა სამხედრო სამსახურის გავლის გარეშე დაიწყონ მუშაობა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში.
კომიტეტის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტსა და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტზე ისაუბრა.
მისი თქმით, მოქმედი კანონმდებლობით, იარაღის სამ კატეგორიაზე - ელექტროშოკურ მოწყობილობებზე, გაზის აეროზოლსა (ე.წ. წიწაკის სპრეი) და ხმოვან (აკუსტიკურ) იარაღზე მწირი სამართლებრივი რეგულაციებია, რაც გარკვეულ პრობლემებს წარმოშობს.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, პრაქტიკიდან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა რეგულაციების შემოღების აუცილებლობა. წარმოდგენილი ცვლილებების შედეგად, მოქალაქეებს ელექტროშოკურ მოწყობილობებზე თავისუფალი წვდომა შეეზღუდებათ და მათი გამოყენების უფლება მხოლოდ იმ ადმინისტრაციულ ორგანოებს ექნებათ, რომელთა საქმიანობისთვის ამ იარაღის გამოყენება მნიშვნელოვანია.
მეორე ცვლილება აეროზოლის შეძენა, შენახვა, გამოყენებას შეეხება, რომლის მიხედვითაც, 18 წლამდე მოქალაქეებისთვის სრულად აიკრძალება მათი შეძენა, ტარება და გამოყენება. 18 წელს ზემოთ მოქალაქეები ამ შესაძლებლობას პოლიციის ნებართვის საფუძველზე მიიღებენ. ასევე, პოლიციის ნებართვის საფუძველზე გახდება შესაძლებელი აკუსტიკური იარაღის შეძენა და გამოყენება.
თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე მოქალაქეების მიერ ელექტროშოკური მოწყობილობების გამოყენების საკითხზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ ეს იარაღი თავდაცვის საშუალებაა და სამოქალაქო პირებს მისი გამოყენება გარკვეული რეგულაციების საფუძველზე უნდა შეეძლოთ. მინისტრის მოადგილის განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე დამატებითი კონსულტაციები გაიმართება, რომლის შედეგებიც კომიტეტს კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისთვის წარედგინება.
კომიტეტის სხდომაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ მეორე მოსმენით, მუხლობრივად, „თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი და მისი თანამდევი კანონპროექტები წარადგინა.
მომხსენებლის ინფორმაციით, ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენის შემდეგ, კანონპროექტის წარმოდგენილ რედაქციაში, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტისა და იურიდიული დეპარტამენტის მიერ გამოთქმული შენიშვნები აისახა.
კომიტეტის წევრებმა, სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.