Loading data...
სოფლის მეურნეობის კომიტეტმა ზუგდიდში გასვლითი სხდომა გამართა

პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტმა ზუგდიდში გასვლითი სხდომა გამართა, რომელზეც „საქართველოს მელიორაციის“ 2025 წლის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა კომპანიის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

გიგლა თამაზაშვილმა სხდომის მონაწილეებს დარგში არსებული ვითარება, მიღწეული შედეგები და გამოწვევები გააცნო. მან მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც მიზნად სარწყავი და სადრენაჟე სისტემების აღდგენასა და განახლებას ისახავს.

მომხსენებლის ინფორმაციით, 2025 წელს კომპანიაში რეორგანიზაცია განხორციელდა, რის შედეგადაც თვისობრივად და ფუნქციურად ახალი მიმართულებები ჩამოყალიბდა, მათ შორის, კომერციული დირექტორატი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამსახური, სადისპეტჩერო სამსახური და საინფორმაციო-სასწავლო ცენტრი.

გიგლა თამაზაშვილმა ასევე 2026 წლის გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, შეიქმნება კომერციული პროცესების დაგეგმვისა და ადმინისტრირების სისტემის (ბილინგი) პროგრამა და დაინერგება სადისპეტჩერო მონიტორინგის სისტემა. გარდა ამისა, სხვადასხვა ქალაქში მომსახურების ახალი ცენტრები გაიხსნება.

კომიტეტის სხდომაზე აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელმა ავთანდილ ცხვიტავამ პრეზენტაცია წარადგინა თემაზე - „დრენაჟი - პროგრესი, მიგნებები და პერსპექტივები“.

პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარის გელა სამხარაულის განცხადებით, საკანონმდებლო მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება არსებული ნორმატიული ბაზის დახვეწასა და განახლებას დაეთმობა, რათა უკეთ აისახოს როგორც ირიგაციის, ისე დამშრობი სისტემების მართვის თანამედროვე მოთხოვნები.

„საქართველოს მელიორაცია“ ორი ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მუშაობს: ერთი მხრივ, ყურადღება გამახვილებულია ფართობების ირიგაციაზე, ხოლო მეორე მხრივ - დასავლეთ საქართველოში განსაკუთრებული პრიორიტეტი დამშრობ ნაგებობებს ენიჭება, ვინაიდან ჭარბი წყალი სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებს აზიანებს. ვგეგმავთ, აღნიშნულ მიმართულებებზე აქტიურად ვითანამშრომლოთ „საქართველოს მელიორაციასთან“ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარემ გელა სამხარაულმა.

კომიტეტმა წარმოდგენილი ინფორმაციები ცნობად მიიღო.

სხდომას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ადგილობრივი ხელისუფლებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.