Loading data...
სოფლის მეურნეობის კომიტეტმა საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში მოისმინა

საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტმა ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში მოისმინა.

მომხსენებელმა, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს ეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები გააცნო.

მისი თქმით, 2026 წლის 6 თვეში მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 7.9% შეადგინა, ხოლო ინფლაციის დონე 5.8% იყო.

ანგარიშის თანახმად, საგარეო ვაჭრობა 5.8%-ით გაიზარდა. 2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 12 მილიარდ 925 მილიონ დოლარს გადააჭარბა. აქედან ექსპორტი 3 მილიარდ 876 მილიონი დოლარია, ხოლო იმპორტი - 9 მილიარდ 49 მილიონი დოლარი.

მისივე თქმით, იანვარ-ივნისში წმინდა ფულადი გზავნილები, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 11%-ით გაიზარდა.

გიორგი კაკაურიძემ ტურიზმის მიმართულებით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, 2026 წლის პირველ 6 თვეში ვიზიტორთა რაოდენობა 2.7%-ით შემცირდა. შესაბამისად, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები გასული წლის პირველ ნახევართან შედარებით შემცირებულია 2%-ით და 1 მილიარდ 931 მილიონ დოლარს შეადგენს.

გიორგი კაკაურიძის განმარტებით, 2026 წლის იანვარ-ივნისის ნაერთ ბიუჯეტში მობილიზებულია 15 მილიარდ 86 მილიონი ლარი, რაც 6 თვის საპროგნოზო მაჩვენებლის 104.%-ია.

რაც შეეხება უშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებს, ჯამში 12 მილიარდ 515 მილიონ ლარამდეა მობილიზებული, რაც დაგეგმილი მაჩვენებლის 103%-ია.

ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ სახელმწიფო უწყებების მიერ ბიუჯეტის ათვისების მაჩვენებლებზეც ისაუბრა.

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ათვისებულია 372 მილიონ ლარზე მეტი, ჯამური ათვისების მაჩვენებელი 96.1 %-ია“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

სოფლის მეურნეობის კომიტეტმა წარმოდგენილ ინფორმაციას მხარი დაუჭირა.