შოთა ხაბარელი: პრემიერ-მინისტრის განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოში სპორტი პრიორიტეტია, ყველაზე დიდი სტიმულია ჩვენი სპორტსმენებისთვის

„პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ამ ტრიბუნიდან და იმის თქმა, რომ საქართველოში სპორტი პრიორიტეტია, ყველაზე დიდი სტიმულია ჩვენი სპორტსმენებისთვის და ჩვენ ვხედავთ ყველა მიმართულებით როგორ წარმატებებსაც ვაღწევთ“, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა შოთა ხაბარელმა.
მან თავის გამოსვლაში ქართველ ძიუდოისტებს ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიოს შერეულ გუნდურ ჩემპიონატში გამარჯვება მიულოცა.
„ორი თვის წინ, ამ დარბაზში ჩვენს ძიუდოისტ გოგო-ბიჭებს ევროპის ჩემპიონატზე ბრწყინვალე გამარჯვება მივულოცეთ. ახლა, ორი თვის შემდეგ, უფრო ძალიან გაგვახარეს - ისინი მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ. მინდა აღვნიშნო, რომ შერეულ წყვილში ეს იყო პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც საქართველოს ნაკრებმა მოიგო. მინდა, ხაზი გავუსვა ჩვენი გოგონების ძალიან ძლიერ გამოსვლას, განსაკუთრებით, ეთერ ლიპარტელიანის, რომელმაც ფაქტობრივად რეკორდი დაამყარა - 5 შეხვედრა წმინდად მოიგო, შემდეგ კი გუნდურ ასპარეზობაშიც წარმატებით გამოვიდა.
მთლიანად გოგონების გუნდმა დიდი წვლილი შეიტანა ამ გამარჯვებაში, რა თქმა უნდა, ჩვენს ბიჭებთან ერთად.
ეს წარმატება, რა თქმა უნდა, დიდწილად ფედერაციის, მწვრთნელების, სპორტსმენების დამსახურებაა, მაგრამ არ უნდა გამოგვრჩეს სახელმწიფოს როლი და მისი მიდგომა სპორტის მიმართ. ამას ჩვენ ვხედავთ, როგორც ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ისევე იმ ბენეფიტებით, რომელსაც ჩვენი სპორტსმენები იღებენ“, - აღნიშნა შოთა ხაბარელმა.