Loading data...
შოთა ბერეკაშვილი კომპანია „AQUALIA“-ს წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი კომპანია „Aqualia“-ს გენერალურ დირექტორს სანტიაგო ლაფუენტე პერეს-ლუკასს, ამ კომპანიის აფრიკისა და აზიის რეგიონულ დირექტორს, ხოსე ენრიკე ბოფილ მაესტრეს და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ აღმასრულებელ დირექტორს ხოსე მიგელ სანტოს გონზალესს შეხვდა.

შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოში კომპანია „Aqualia“-ს საქმიანობის მიმართულებები მიმოიხილეს და სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ესპანური კომპანია, რომელიც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) 100%-იანი წილის მფლობელია, საქართველოში წყალმომარაგების, წყალარინებისა და განახლებადი ენერგიის სფეროში წარმატებულად ოპერირებს.

„Aqualia“ წყალმომარაგებისა და წყალარინების სფეროში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა და მის ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას კომპანიის საქართველოში საქმიანობის საკითხებზე ვისაუბრეთ. საუბარი შეეხო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში ასეთი მსხვილი კომპანიის ბიზნესსაქმიანობა. „Aqualia“-ს საქართველოში ოპერირება კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ჩვენი ქვეყანა გახსნილია საერთაშორისო ინვესტორებისა და დიდი კომპანიებისთვის და ეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ბიზნესურთიერთობის კარგი მაგალითია“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

შეხვედრაზე „Aqualia“-ს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ კომპანიის ბიზნესპორტფელისთვის თბილისში საქმიანობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია.

როგორც მათ განაცხადეს, კომპანია მზად არის, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის დამატებითი ინვესტიციები განახორციელოს.

როგორც „Aqualia“-ს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, კომპანია საკუთარი ბრუნვის 50%-ს კაპიტალურ ინვესტიციებში ხარჯავს, რაც წყლის მიწოდების სისტემების მოდერნიზებასა და სერვისების გაუმჯობესებას ხმარდება.