Loading data...
შალვა პაპუაშვილი საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, ენდრიუ პარსონსს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში პარალიმპიური მოძრაობის განვითარებას, მათ შორის, განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელთა ფარგლებშიც პარალიმპიური მოძრაობის სტატუსი ოლიმპიური მოძრაობის სტატუსს გაუთანაბრდა.

ასევე, ხაზი გაესვა პარალიმპიური სპორტის განვითარებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების ზრდას, რაც აისახება ქართველი პარალიმპიელი სპორტსმენების საერთაშორისო მიღწევებში.

ენდრიუ პარსონსმა შალვა პაპუაშვილს მადლობა გადაუხადა საქართველოში პარალიმპიური მოძრაობის მხარდაჭერისთვის და საქართველოს პარალიმპიურ ნაკრებს პარაძიუდოში მსოფლიო ჩემპიონობა მიულოცა.

შეხვედრას საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი და პარალიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი შალვა მაისურაძე ესწრებოდნენ.