Loading data...
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ავსტრიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს შეხვდნენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გივი მიქანაძე და არჩილ გორდულაძე საქართველოში ვიზიტად მყოფ ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს შეხვდნენ.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ავსტრია ჩვენი ქვეყნის მეგობარია, ყოველთვის მხარს უჭერს საქართველოს წინსვლას და დღევანდელმა შეხვედრამ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას ეხება და ავსტრია ღიად აცხადებს, რომ მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს შემდგომ პროგრესს ამ მიმართულებით.

სტუმრებს ასევე ვესაუბრეთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე. ჩვენ ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ, როგორც იმ პროცესებზე, რაც ამ კანონის მიღებას წინ უძღოდა, ასევე აღვნიშნეთ თუ რამდენად ლიბერალურია ქართული კანონი მოქმედ ანალოგებთან შედარებით, რაც საშუალებას მოგვცემს ეს სექტორი უფრო გამჭვირვალე გახდეს.

შეხვედრაზე შევჯერდით, რომ ეს ორმხრივი ურთიერთობა კვლავაც გაგრძელდება და გამოვხატეთ მზადყოფნა, რომ ნებისმიერ საკითხზე, წარვუდგინოთ დეტალური, ამომწურავი და რაც მთავარია, არგუმენტირებული პოზიცია“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.