Loading data...
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ვაშინგტონში ანალიტიკურ ცენტრებში შეხვედრები გამართა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართა ანალიტიკური ცენტრების - უილსონის ცენტრი, ჰერითიჯის ფონდი და America first policy institute ხელმძღვანელებთან და ექსპერტებთან. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. 

შეხვედრებისას მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა ცენტრების წარმომადგენლებთან საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე, ეკონომიკურ განვითარებასა და საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრეს.

მხარეებმა შეხვედრისას აზრები გაცვალეს ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებთან დაკავშირებით.

როგორც დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, ცენტრების ექსპერტებისგან მათი ხედვა მოისმინეს სამხრეთ კავკასიის რეგიონთან, რუსეთ-უკრაინის ომთან და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებთან მიმართებით

საპარლამენტო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით იმყოფება აშშ-ში.

დელეგაციას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი ლიკა შარტავა და პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი.