საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების საპარლამენტო კონფერენციაში
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრებმა - ლიკა შარტავამ და ეკა სეფაშვილმა დასავლეთ ბალკანეთის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების კონფერენციაში (COSAP) მიიღეს მონაწილეობა, რომელიც 2025 წლის 17-18 ნოემბერს ბოსნია-ჰერცეგოვინაში, ქალაქ სარაევოში გაიმართა.
ეკა სეფაშვილმა სიტყვით მიმართა კონფერენციის მონაწილეებს, ხაზი გაუსვა საქართველოს წინაშე მდგარ უსაფრთხოების გამოწვევებს, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის კონტექსტში საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას და რეგიონში უსაფრთხოების და სტაბილურობის შენარჩუნების აუცილებლობას. ასევე, ისაუბრა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში კანდიდატი ქვეყნების მიერ გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.
კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეებმა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში მიღწეულ შედეგებსა და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.
საუბარი შეეხო ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკას, გეოპოლიტიკური გარემოს გავლენასა და რეგიონული თანამშრომლობის საკითხებს.
COSAP-ის კონფერენცია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის ევროკავშირში წევრობის საკითხებზე თანამშრომლობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო პლატფორმაა.
COSAP-ის თავმჯდომარე ქვეყნის მიერ წევრ ქვეყნებთან ერთად, მოწვეული იყვნენ: საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის და თურქეთის საპარლამენტო დელეგაციები.