Loading data...
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა

აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს, საჰიბა გაფაროვას შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის, მათ შორის, საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების საკითხზე ისაუბრეს.

ნინო წილოსანმა ხაზი გაუსვა საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისს შორის რეგულარული და მაღალი დონის კონტაქტები ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების მნიშვნელოვანი ნაწილია.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების, შესაბამისი კომიტეტებისა და საერთაშორისო საპარლამენტო ფორმატების ფარგლებში თანამშრომლობის გაძლიერებას.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და ხაზი გაუსვეს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარებისთვის თანამშრომლობის მნიშვნელობას.