საქართველო „დიზაინის სამართლის შესახებ“ რიადის საერთაშორისო ხელშეკრულებას უერთდება
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე „დიზაინის სამართლის შესახებ“ რიადის ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულების რეგულაციები განიხილეს.
როგორც საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა განმარტა, საქართველოს მთავრობის წარდგინებით, ქვეყანა „დიზაინის სამართლის შესახებ“ რიადის ხელშეკრულებას და მის რეგულაციებს უერთდება.
აღნიშნული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ქართველი დიზაინერებისა და მეწარმეებისთვის საერთაშორისო ბაზრებზე ოპერირების გამარტივებასა და ბიუროკრატიული ბარიერების შემცირებას.
მომხსენებლის განცხადებით, რიადის ხელშეკრულება 2024 წელს საუდის არაბეთში, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) დიპლომატიურ კონფერენციაზე მიიღეს.
ხელშეკრულების მთავარი მიზანი დიზაინის დაცვის სფეროში ერთიანი, მინიმალური სტანდარტების დადგენაა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს სხვადასხვა ქვეყნის განსხვავებული პროცედურებით გამოწვეულ ხარჯებსა და ვადებს.
ვახტანგ ბაჩიაშვილის თქმით, ამ ეტაპზე ხელშეკრულებას მხარს 28 ხელმომწერი სახელმწიფო უჭერს, მათ შორის, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, ისლანდია და სხვები.
აღნიშნულ ხელშეკრულებასთან შეერთებით, ქართველ დიზაინერებსა და მცირე თუ საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს საზღვარგარეთ საკუთარი ნამუშევრების სამართლებრივი დაცვა გაუმარტივდებათ.
როგორც მომხსენებელმა განმარტა, მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი ეროვნული კანონმდებლობა არსებითად თანხვედრაშია საერთაშორისო სტანდარტებთან, ხელშეკრულებასთან შეერთება „დიზაინის შესახებ“ კანონში გარკვეული ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.
კანონპროექტით განისაზღვრება პრიორიტეტის უფლების აღდგენის სამართლებრივი საფუძვლები, პირობები და პროცედურული წესი და გაფართოვდება იმ მომსახურების ჩამონათვალი, რომელთა შესრულებისთვისაც კანონმდებლობით დადგენილი საფასური გადაიხდება. კერძოდ, კანონს დაემატება პრიორიტეტის უფლების აღდგენისა და მფლობელის უფლების აღდგენისთვის დადგენილი საფასურები. გარდა ამისა, კანონს ემატება ნორმა, რომლითაც მოწესრიგდება ვადის დაუცველობის შემთხვევაში დიზაინის მფლობელის უფლებების აღდგენასთან დაკავშირებული საკითხები.
„დიზაინის სამართლის შესახებ“ რიადის საერთაშორისო ხელშეკრულებასთან შეერთებით ქართული ინტელექტუალური საკუთრების სამართალი კიდევ უფრო დაუახლოვდება ინტელექტუალური საკუთრების სფეროში არსებულ უახლეს ტენდენციებს“, - განაცხადა ვახტანგ ბაჩიაშვილმა.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის მაროკოს სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის შექმნას მხარი დაუჭირა.
პარლამენტის შესაბამის დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ პროექტი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ წარადგინა.
დადგენილების პროექტი ძალაში მიღებისთანავე შევა, რათა ამ დადგენილების საფუძველზე მიღებული იქნეს ბიუროს გადაწყვეტილება მაროკოს სამეფოს პარლამენტთან საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის და ჯგუფის წევრების განსაზღვრის თაობაზე.