საკანონმდებლო ორგანომ „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა პირველი მოსმენით, 80 ხმით „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილების შეტანას მხარი დაუჭირა.
კანონპროექტი ითვალისწინებს თავდაცვის სამინისტროსათვის მის მიერ გაცემული სანებართვო პირობების შესრულების კონტროლის სრულყოფილად განსახორციელებლად შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოებიდან საგადასახადო და საბაჟო საიდუმლოების მიღების შესაძლებლობას.
მომხსენებლის, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის, ალექსანდრე ტაბატაძის განმარტებით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონის შესაბამისად, თავდაცვის სამინისტრო გასცემს შემდეგი სახის ნებართვებს: სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის/ვაზნის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვას; სამხედრო პროდუქციაზე ექსპორტის, იმპორტის, ტრანზიტის, საბროკერო მომსახურებისა და ტექნიკური დახმარების ნებართვებს და ასევე, იარაღის კოლექციონირებისა და ექსპონირების ნებართვას.
„კანონის თანახმად, სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს ნებართვის გამცემი სუბიექტი და აღნიშნული პროცესის სრულყოფილად განხორციელების მიზნით, რიგ შემთხვევებში საჭიროა საქართველოს საბაჟო და საგადასახადო ორგანოებიდან ინფორმაციის გამოთხოვა, რომელიც შესაძლოა წარმოადგენდეს გარკვეულ საიდუმლო ინფორმაციას.
აქედან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულია ის უწყებები და დაწესებულებები, რომლებსაც აქვთ შესაბამისი უფლებამოსილება გამოითხოვონ აღნიშნული ინფორმაცია.
წარმოდგენილი პროექტის თანახმად, თავდაცვის სამინისტროსაც ენიჭება უფლებამოსილება გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია, რომელიც „საბაჟო კოდექსის“ მე-11 მუხლშია განსაზღვრული. უნდა აღინიშნოს, რომ ინფორმაციის გამოთხოვა დაკავშირებული უნდა იყოს მხოლოდ „იარაღის შესახებ“, „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონებით გათვალისწინებული სანებართვო პირობების შესრულების კონტროლთან“, - განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ.