Loading data...
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი შეთანხმებები განიხილა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მთავრობის მიერ სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი რამდენიმე შეთანხმება განიხილა.

„საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის „საქართველოს რესპუბლიკასა და გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამას შორის დახმარების შესახებ“ 1994 წლის 1-ელი ივლისის ძირითადი სტანდარტული ხელშეკრულების პირობების რეზიდენტ კოორდინატორის ოფისზე გავრცელების შესახებ“ წერილების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება კომიტეტის წევრებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ გააცნო.

მისი განმარტებით, 2019 წლის 1 იანვრამდე გაეროს რეზიდენტი კოორდინატორი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) რეზიდენტი წარმომადგენლის ფუნქციებს ითავსებდა. თუმცა, 2019 წლის 1 იანვრიდან მათი ფუნქციები განცალკევდა, რაც გაეროსა და საქართველოს შორის გაერო-ს რეზიდენტ კოორდინატორსა და მისი ოფისის წევრებთან დაკავშირებით ცალკე სამართლებრივი ჩარჩოს ჩამოყალიბებას მოითხოვს.

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა „2019 წლის 27 ნოემბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის (შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი) გაუმჯობესების პროექტი)“ N2 ცვლილების წერილ-შეთანხმებაზე“ ისაუბრა.

N2 ცვლილების წერილ-შეთანხმების თანახმად, სესხის პირობები არ იცვლება, თუმცა სესხის თანხის ხელმისაწვდომობის ვადა გადაიწევს 2027 წლის 31 დეკემბრამდე, ნაცვლად 2025 წლის 31 დეკემბრისა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო ენუქიძემ სხდომაზე „2019 წლის 9 დეკემბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამა) N2 ცვლილების წერილ-შეთანხმება“ წარადგინა.

მომხსენებლის განცხადებით, სასესხო შეთანხმების ცვლილება პროექტის დასრულების ვადის გაგრძელებას ეხება, რომელიც 2025 წლის 30 დეკემბრის ნაცვლად, 2028 წლის 30 სექტემბრამდე გახანგრძლივდება.