რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განიხილა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ გადამუშავებული ვერსია წარადგინა.
მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებული ორგანული კანონის პროექტით მთელი რიგი ტერმინების განმარტება, პროცედურების დაზუსტება და გარდამავალი დებულებების კოდექსში ასახვა მოხდება.
„საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ ახალი რედაქციით ზუსტდება ზოგიერთი ტერმინის განმარტება, მათ შორის არჩევნების, რეფერენდუმის/პლებისციტის საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებში გამართვის კუთხით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზნით, ზუსტდება ფოტო-ვიდეოგადაღების წესები. არჩევნების სათანადოდ ორგანიზების ხელშეწყობის მიზნით, განისაზღვრება სახელმწიფო ორგანოებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლობის სამართლებრივი საფუძვლები“, - განაცხადა მომხსენებელმა.
მისივე თქმით, იცვლება სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლის არჩევნებში მონაწილეობის წესები და მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მსგავსად, საქართველოს პარლამენტის არჩევნები მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში გაიმართება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დავით მათიკაშვილმა დამატებითი განმარტებები გააკეთა და იმ საკითხებზე ისაუბრა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი არჩევნების მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში ჩატარება.
როგორც მომხსენებელმა განაცხადა, „საარჩევნო კოდექსის“ თანამდევ კანონპროექტებში ტექნიკური ხასიათის ცვლილებები ხორციელდება.
კომიტეტმა „საარჩევნო კოდექსის“ გადამუშავებული ვერსია პრინციპების დონეზე მისაღებად მიიჩნია და მის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.