Loading data...
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილება და „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ კანონპროექტი განიხილა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებული „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს.

მომხსენებლის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მაია ბითაძის განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებებით ზოგიერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმები იზრდება.

საუბარია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ატმოსფერულ ჰაერზე, ნიადაგზე, წყალზე ან/და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების გამომწვევი ან/და გარემოს დამაბინძურებელი მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან/და ამტვერებადი ნივთიერებების განთავსებაზე ან რეალიზაციაზე ისეთ ადგილებში, რომლებიც თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული არ არის.

„აღნიშნული სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული ჯარიმა ფიზიკური პირისათვის 500 ლარიდან იზრდება 2500 ლარამდე, ხოლო იურიდიული პირისათვის 1000 ლარიდან იზრდება 5000 ლარამდე. დარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 5000 ლარით ნაცვლად 1000 ლარისა, ხოლო იურიდიული პირი - 3000 ლარით ნაცვლად 15000 ლარისა“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

კომიტეტის სხდომაზე მაია ბითაძემ ასევე წარადგინა „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ კანონპროექტი.

ცვლილების თანახმად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135⁴ მუხლის საფუძველზე დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი – ჯარიმისგან და/ან შესაბამისი საურავისგან თავისუფლდებიან ის ფიზიკური პირები, რომლებიც თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, 2025 წლის პირველ ნოემბრამდე ახორციელებდნენ მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანას „A“ კატეგორიის ნებართვის საფუძველზე, ან ნებართვის გარეშე და არ ჰქონდათ გადახდილი ნებართვის გაცემის ფასი.
კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, გადაუხდელი ჯარიმები და საურავები, 2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, 8 მილიონამდე ლარს შეადგენს.

კომიტეტმა სხდომაზე განხილული კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.