Loading data...
პარლამენტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს მოუსმინეს

პარლამენტის კულტურის კომიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის ერთობლივ სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის კულტურის სფეროს მიმართულებით საქმიანობასა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს გიორგი ჯინჭარაძეს მოუსმინეს. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. 

დახურული ფორმატის შეხვედრაზე გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის მთავრობის მიერ მომზადებული მოხსენების პრეზენტაცია წარადგინა, რომელიც აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობას შეეხებოდა.

მან მთავრობის სამომავლო გეგმებსა და იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რაც კულტურის სფეროს მიმართულებით 2026 წლისთვის იგეგმება.

„ერთობლივ სხდომაზე, ღონისძიების მონაწილეებთან ერთად, დისკუსიის ფორმატში ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე ვიმსჯელეთ, რომელიც კულტურას და კულტურის პოპულარიზაციას უკავშირდება. მსჯელობისას საინტერესო საკითხები გამოიკვეთა, რომლებზეც აფხაზეთის მთავრობა მუშაობას გააგრძელებს“, - აღნიშნა გიორგი ჯინჭარაძემ.

კულტურის კომიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის ერთობლივ სხდომაზე განხილული საკითხები კომისიის თავმჯდომარემ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ შეაჯამა.

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოხსენების პრეზენტაცია საინტერესოდ ჩატარდა. მომხსენებელმა დეტალურად ისაუბრა, თუ რა მდგომარეობაშია ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული კულტურული ძეგლები და კულტურული მემკვიდრეობა.

დისკუსიის ფორმატში, დარგის ექსპერტებსა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებთან ერთად ვიმსჯელეთ, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ჩვენ და აფხაზებს შორის არსებული საერთო ისტორიული მემკვიდრეობა წარმოჩნდეს. მნიშვნელოვანია, მომავალში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას წინ უნდა უძღოდეს ომით გახლეჩილი საზოგადოებების გაერთიანება.

რასაკვირველია, ამ კონტექსტში კულტურული ძეგლების მდგომარეობა, მისი მომავალი და საერთოდ, ერთიანი კულტურული მემკვიდრეობის თემა ერთ-ერთი საგანგებო მნიშვნელობის საკითხია“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მისივე თქმით, ამ კუთხით ბევრი რესურსი არსებობს და ამ რესურსების გაერთიანების მიზნით, უახლოეს პერიოდში სტრატეგიული ხედვა მომზადდება.

კომიტეტისა და კომისიის ერთობლივ სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები, კულტურის მოღვაწეები და დარგის ექსპერტები დაესწრნენ.