Loading data...
პარლამენტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა

პარლამენტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებებს 78 ხმით 8-ის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

კანონპროექტით გათვალისწინებული ძირითადი ცვლილებები კანონმდებლებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ გააცნო.
მომხსენებლის ინფორმაციით, ცვლილებებით ახლებურად ყალიბდება ეტიკეტის ცნება და განისაზღვრება, რომ ეტიკეტზე მიეთითება კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი ტექსტობრივი ინფორმაცია და გრაფიკული გამოსახულება.

ცვლილებებით თანახმად, კანონს ემატება ნორმა, რომლითაც განისაზღვრება ვენახის გაშენებაზე თანხმობის ცნება და განიმარტება შემდეგნაირად: საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს აძლევს უფლებას გააშენოს სამეწარმეო ვენახი.

ზურაბ ეზუგბაიას განცხადებით, კანონპროექტი მიზნად ისახავს ქართული მეღვინეობის პროდუქციის ხარისხის ამაღლებას და მისი კონკურენტული უპირატესობების გაძლიერებას. ასევე, კანონიდან იმ მოძველებული ნორმების ამოღებას, რომელიც მეღვინეობა-მევენახეობის განვითარების თანამედროვე მოთხოვნებს აღარ შეესაბამება.
მომხსენებლის განმარტებით, საკანონმდებლო ინიციატივა ქართული მეღვინეობისა და მევენახეობის განვითარებას და მეღვინეობის პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის სრულად ათვისებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.