Loading data...
ბოჭორიშვილი უსაფრთხოების კონფერენციაზე: რაც ჩვენ მოვისმინეთ უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, კიდევ უფრო ამტკიცებს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის სისწორეს

„რაც ჩვენ მოვისმინეთ უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, კიდევ უფრო ამტკიცებს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის სისწორეს, თუ რამდენად მართებული იყო ის პოლიტიკა, რასაც ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლება ატარებს, მაშინ როდესაც ჩვენი საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის მთავარი ამოსავალი წერტილი სუვერენიტეტის დაცვაა“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მიუნხენის კონფერენციაზე საუბრისას.

მინისტრის თქმით, კონფერენციის ტრიბუნებიდან ხშირად ისმოდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო, თანამედროვე წესრიგის გადალაგების პროცესში ქვეყნების სუვერენიტეტის დაცვა.

„მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ბევრი თვალსაზრისით საინტერესო იყო. ორ მნიშვნელოვან მიმართულებაში იყო საქართველო წარმოდგენილი. ერთი ეს გახლდათ შუა დერეფნის განვითარება და დაკავშირებადობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ევროპული უსაფრთხოებისთვის. მეორე, გაფართოების შესახებ გამართული მრგვალი მაგიდის ფორმატშიც გვქონდა მონაწილეობის შესაძლებლობა. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ბევრი სტუმარი ესწრებოდა უსაფრთხოების კონფერენციას და იყო კარგი შესაძლებლობა ჩემს კოლეგა მინისტრებთან მქონოდა საუბარი სხვადასხვა საკითხებზე. რაც ხდებოდა თავად კონფერენციის ფარგლებში ესეც ალბათ საყურადღებოა, საყურადღებოა თუ როგორ ისახება ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის კონტურები, ესეც მნიშვნელოვანი განხილვის თემა გახლდათ, როგორია ევროპიდან ევროპის მომავლის ხედვა და ხედვა ამერიკიდან ევროპის მომავლის“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.