პარლამენტმა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა პირველი მოსმენით, თანმდევ საკითხებთან ერთად განიხილა და მხარი დაუჭირა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში ცვლილებას.
მომხსენებლის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის ნინო ენუქიძის განცხადებით, წარმოდგენილი ინიციატივის თანახმად, შესაძლებელი ხდება სახელმწიფო ქონების იპოთეკით დატვირთვა. ქონების სააგენტოს თანხმობით, მყიდველს შესაძლებლობა ექნება, რომ არასაინვესტიციო ვალდებულებების დროს განახორციელოს ეკონომიკურ ბრუნვაში ქონების ჩაშვება.
ცვლილების თანახმად, სახელმწიფოს მიერ განკარგული ქონების საპრივატიზებო პირობების სრულად შესრულებამდე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის თანახმად, იძულებითი აღსრულების წესით რეალიზაციისას, ახალ და ყოველ შემდეგ მესაკუთრეზე სრულად გადავა ქონების შემძენის მიერ სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი საპრივატიზებო ვალდებულებები და შესაბამისი ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები.
როგორც მომხსენებელმა განმარტა, კანონის მოქმედ რედაქციაში ტერმინი „რეალიზაცია“ გამოყენებულია მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების განკარგვის მიმართ, ხოლო სხვა ნებისმიერი სახის მოძრავი ქონების განკარგვის მიმართ გამოყენებულია ტერმინი „პრივატიზება“. მისი განცხადებით, მიზანშეწონილია, კანონში გამოყენებულ იქნეს ერთგვაროვანი ტერმინი. შესაბამისად, ,,რეალიზაციის“ ნაცვლად , ყველა სახის მოძრავი ქონების მიმართ გამოყენებული იქნება ტერმინი „პრივატიზება“.