ტრამპი: უკრაინა შეტევაზე გადასასვლელად ემზადება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოახლოებულ შეხვედრაზე კომენტარის გაკეთებისას განაცხადა, რომ უკრაინა შეტევაზე გადასვლას გეგმავს. ამის შესახებ Clash Report-ი იუწყება.
„მასთან ომზე ვისაუბრებთ. ასევე, ვისაუბრებთ იმაზე, რომ, როგორც მე მესმის, მათ შეტევაზე გადასვლა სურთ. ამაზე გადაწყვეტილებას მე მივიღებ. თუმცა მათ შეტევის დაწყება სურთ - თქვენ ეს იცით. და ჩვენ გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს“, - აღნიშნა ტრამპმა.
მან ასევე მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, შეწყვიტოს უკრაინელებისა და რუსების მკვლელობა. მისი თქმით, რუსეთმა ომში 1,5 მილიონი ადამიანი, ძირითადად ჯარისკაცები, დაკარგა.
„მათ ეს ომი პირველივე კვირაში უნდა მოეგოთ და ახლა ის მეოთხე წელია, გრძელდება“, - დასძინა ტრამპმა.
ამერიკელი ლიდერი ასევე დაფიქრდა კითხვაზე, რომელი იქნებოდა უფრო დიდი მიღწევა: მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში, თუ მშვიდობა რუსეთსა და უკრაინას შორის. ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ისტორიულად, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მოგვარება უფრო რთული იყო.
„მართალია. ერთი სამი წელია, გრძელდება, მეორე კი - სამი ათასი“, - აღნიშნა ტრამპმა.
ცნობისთვის, ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა ვაშინგტონში ხვალ, 17 ოქტომბერსაა დაგეგმილი.