Loading data...
პარლამენტმა „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ კანონი მიიღო

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 84 ხმით „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ კანონი, თანმდევ პროექტებთან ერთად მიიღო.

კანონი განსაზღვრავს, უცხოელისა და იმ მოქალაქეობის არმქონე პირის, რომელიც არ არის საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლასა და ყოფნას, რომლებმაც კანონის შესაბამისად მოითხოვეს საერთაშორისო დაცვა, აგრეთვე, მათ მიმართ მოპყრობის სტანდარტებს.

კანონი ასევე ეხება თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის, დამატებითი დაცვის მქონე პირისა და დროებითი დაცვის მქონე პირის სამართლებრივ მდგომარეობას, უფლება-მოვალეობებსა და სოციალურ-ეკონომიკურ გარანტიებს; უცხოელისა და მოქალაქეობის არმქონე პირისათვის საქართველოში ლტოლვილის სტატუსის, დამატებითი ან დროებითი დაცვის მინიჭების, შეწყვეტის, გაუქმებისა და ჩამორთმევის, დამატებითი ან დროებითი დაცვის გაგრძელების და შესაბამისი სტატუსიდან გამორიცხვის საფუძვლებსა და პროცედურებს.

საკანონმდებლო პაკეტი 18 კანონისგან შედგება.

როგორც მომხსენებელმა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, საკანონმდებლო პაკეტის მთავარ მიზანს უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა და თავშესაფრის პროცედურის ბოროტად სარგებლობის პრევენცია წარმოადგენს.

„კანონის ამოქმედების შემდგომ ჩვენს ქვეყანას გამართული მიგრაციული კანონმდებლობა ექნება, რომელიც ყველა იმ გამოწვევას გაუძლებს, რაც მეზობელ და არაერთ ევროპულ ქვეყანაში არსებობს. შესაბამისად, საქართველოს ექნება ეფექტური კანონმდებლობა იმისათვის, რომ ერთი მხრივ, ხელი შეუწყოს ტურისტებს საქართველოში იმოგზაურონ, ხოლო მეორე მხრივ, იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ტურისტული მიზნით მოგზაურობას ქვეყანაში არაკანონიერად დასარჩენად იყენებენ და შემდგომში დანაშაულს ჩადიან, კანონი უმკაცრესი იქნება“, - აღნიშნა მომხსენებელმა.

მისივე თქმით, კანონის დამრღვევების მიმართ გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები და პირველ რიგში, ეს იქნება ქვეყნიდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის გარკვეული ვადით აკრძალვა.

„ასევე, უვიზოდ მოგზაურობის წესების დარღვევისთვის მნიშვნელოვნად გამკაცრდება ჯარიმები. გარდა ამისა, დაწესდება ქვეყანაში შემოსვლის აკრძალა მინიმუმ 6 თვით და კონკრეტულ შემთხვევებში, შესაძლოა სამ წლამდეც. გარდა ამისა, ჩვენ მნიშვნელოვან სიახლეებს განვახორციელებთ სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.