Loading data...
პარლამენტმა „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 85 ხმით მიიღო.

კანონპროექტის თანახმად, დეფიციტურ საექიმო სპეციალობებში უმცროს ექიმს, 2026 წლის პირველ ოქტომბრამდე, პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით, შეიძლება მიეცეს უფლება ჩააბაროს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა და მიიღოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება, თუ იგი კანონპროექტით გათვალისწინებულ პერიოდში მუშაობდა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის ზედამხედველობით, ასევე, თუ ამავე პერიოდში მის მიერ შესრულებული სამუშაო შეესაბამება ამ საექიმო სპეციალობის რეზიდენტურის პროგრამით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

ცვლილებით, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის უფლების მისაღებად, შესაბამის დეფიციტურ საექიმო სპეციალობაში უმცროსი ექიმის მუშაობის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს ამ სპეციალობაში რეზიდენტის კურსის ხანგრძლივობაზე ნაკლები.