პარლამენტმა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 79 ხმით, ერთხმად მხარი დაუჭირა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომელიც სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა წარადგინა.
მისი თქმით, ცვლილებები ითვალისწინებს ინტერნეტსივრცეში საავტორო და მომიჯნავე უფლების დაცვის ეფექტური მექანიზმების შექმნას და ე.წ. შეტყობინება-აღების მექანიზმის დამკვიდრებას.
კანონპროექტის თანახმად, კანონს ემატება ნორმა, რომლითაც განისაზღვრება ტერმინი „შუალედური მომსახურების მიწოდება“. გარდა ამისა, კანონს აგრეთვე ემატება ნორმა, რომლის შესაბამისად, საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევად აგრეთვე ჩაითვლება - შუალედური მომსახურების მიმწოდებლის მხრიდან კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა.
კანონის პროექტით საავტორო უფლების მფლობელს, მომიჯნავე უფლებების მფლობელს, ან მონაცემთა ბაზის დამამზადებელს ენიჭება უფლება შუალედური მომსახურების მიმწოდებლისაგან, წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, მოითხოვოს იმ კონტრაფაქციული ასლების დაუყოვნებლივი წაშლა, ან მასზე წვდომის შეზღუდვა, რომელიც არღვევს მის საავტორო ან/და მომიჯნავე უფლებას, ან/და უფლებას მონაცემთა ბაზაზე.
კანონის პროექტით აგრეთვე წესრიგდება შუალედური მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებებთან და პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძვლებთან დაკავშირებული საკითხები.