პარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 81 ხმით „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა.
კანონპროექტით საჯარო მოსამსახურის მიერ საჯარო დაწესებულებაში სხვა თანამდებობის დაკავების შეზღუდვის გამონაკლისს ემატება საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრის თანამდებობა. ასევე, საჯარო სამსახურში მმართველობითი/სათათბირო ფუნქციის განხორციელებისათვის შექმნილ სხვა კომისიებსა და საბჭოებში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა არაანაზღაურებადი საქმიანობა აღარ დაკვალიფიცირდება თანამდებობრივ შეუთავსებლობად.
მომხსენებლის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის განმარტებით, „დაგროვებითი პენსიის“ შესახებ კანონში 2024 წელს განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც, მათ შორის, ფონდის მმართველობითი სტრუქტურის ცვლილებას შეეხო. შედეგად, დღეს ფონდის მმართველობაში წარმოდგენილია მმართველობითი საბჭო, რომელიც შედგება ცხრა წევრისგან, აქედან რვა წევრი არის პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული, ხოლო ერთი წევრი წარმოადგენს თანამდებობრივ წევრს. შესაბამისად, განსაზღვრულია ამ წევრის თანამდებობრივი სტატუსი. ასევე, მმართველობით საბჭოს უფლება მიენიჭა საპენსიო ფონდის აღმასრულებელ დირექტორად აირჩიოს საკუთარ წევრთაგან ერთ-ერთი.
„აღნიშნული წესები გარკვეულწილად კოლიზიაში მოვიდა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტთან, რომელიც კრძალავს საჯარო მოსამსახურის მიერ ერთ საჯარო თანამდებობაზე მეტის დაკავებას, თუმცა „ნორმატიული აქტების შესახებ“ ორგანული კანონის უპირატესი ძალით სარგებლობის პრინციპიდან გამომდინარე, აღნიშნული კოლიზია მოგვარებულია პირველ ნოემბრამდე, ვიდრე ახალი ცვლილებები ამოქმედდება.
შესაბამისად, იმისათვის რომ პირველი ნოემბრის შემდგომ პერიოდშიც კოლიზია არ იყოს, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონი და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონი ერთმანეთთან შესაბამისობაში უნდა მოვიდეს. სწორედ, ამ მიზანს ემსახურება წარმოდგენილი ცვლილება“, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.