Loading data...
პარლამენტის წევრებმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე შეხვედრა გამართეს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და კომისიის წევრები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში, ადგილობრივი მუნიციპალური საბჭოს წევრებს შეხვდნენ. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

შეხვედრის მთავარი თემა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებთან დაკავშირებული საკითხები, გამოწვევები და მათი დაძლევის გზებზე მსჯელობა იყო. აღინიშნა, რომ ადგილობრივი მუნიციპალური საბჭო შეხვედრაზე განსახილველ თემებზე ნინოწმინდის მოსახლეობის მიზნობრივ ჯგუფებთან აქტიურად თანამშრომლობს და ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით ღონისძიებებს მართავს.

შეხვედრაზე დროებითი კომისიის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა მუნიციპალური საბჭოს წევრებს ახლად შექმნილი კომისიის დებულება, საქმიანობის პრიორიტეტები და გეგმები გააცნო.

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა. აღინიშნა, რომ დროებითი კომისიისა და მუნიციპალური საბჭოს კოორდინირებული მუშაობით, ქალთა და ბავშვთა უფლებების უფრო მეტად დასაცავად, მნიშვნელოვანი ერთობლივი ღონისძიებები შეიძლება ჩატარდეს.

„პარლამენტის დროებითი კომისიის და ნინოწმინდის მუნიციპალური საბჭოს წევრების შეხვედრაზე ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევები განვიხილეთ. საუბარი შეეხო პრობლემების მოგვარების გზების ძიებასა და სამომავლო თანამშრომლობის ფორმატების განსაზღვრას. მნიშვნელოვანია, საქართველოს რეგიონებში დროებითი კომისიის გასვლითი შეხვედრები კვლავაც გაგრძელდეს, რათა მუნიციპალურმა საბჭოებმა საპარლამენტო კომისიის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ინფორმაცია უშუალოდ კომისიის წევრებისგან მიიღონ“, - განაცხადა დროებითი კომისიის მდივანმა ეკა სეფაშვილმა.

სამცხე-ჯავახეთის მხარეში პარლამენტის წევრების გასვლითი შეხვედრები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გამართული ღონისძიებით დასრულდა. სამი დღის განმავლობაში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა, მარიამ ლაშხმა, ეკა სეფაშვილმა და ვლადიმერ ბოჟაძემ ახალციხის, ასპინძის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში ქალთა და ბავშვთა საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა ფორმატის შეხვედრები გამართეს.