პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გასვლითი სხდომა გამართა
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ახალციხის მუნიციპალიტეტში გასვლითი სხდომა გამართა.
კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, კომიტეტი გასვლითი სხდომების ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს იწყებს.
მისი თქმით, რეგიონებში გასვლითი საკომიტეტო სხდომების მიზანია ადგილზე, რეგიონებში მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხილვა.
კომიტეტის წევრები დისკუსიის ფორმატში იმსჯელებენ, თუ რა გამოწვევები და საჭიროებები არსებობს თითოეული მუნიციპალიტეტის დონეზე.
სხდომაზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია წარადგინა. მისი თქმით, რეგიონში რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, რომლებიც როგორც გზების მოწესრიგებას, ასევე წყალმომარაგების სისტემებისა და სასწავლო დაწესებულებების მშენებლობას შეეხება.
მინისტრის განცხადებით, სამცხე-ჯავახეთში 450 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერის გამოცხადება იგეგმება, რომელიც რეგიონში არსებული გზების რეაბილიტაციას მოხმარდება.
მისივე თქმით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ბორჯომი-ახალციხისა და ახალქალაქთან დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაციისთვის. როგორც რევაზ სოხაძემ აღნიშნა, ზოგადსაგანმანათლებლო და სკოლამდელი აღზრდის სასწავლო დაწესებულებების მიმართულებით სამინისტრო რეგიონში არსებული შენობების რეაბილიტაციას, ახალი სკოლებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობას გეგმავს.
მინისტრის თქმით, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობისთვის სამცხე-ჯავახეთში რამდენიმე პროექტი ხორციელდება. მანვე განსაკუთრებულად ბაკურიანის პროექტი გამოყო, რომელიც 24-საათიან წყალმომარაგებას შეეხება.
კომიტეტის გასვლით სხდომაზე რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებმა ისაუბრეს.
ახალციხის, ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა სამინისტროსა და მისი საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ შესრულებული სამუშაოები შეაფასეს.
აღინიშნა, რომ მიუხედავად არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისა, რეგიონის მუნიციპალიტეტებში სკოლებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობა/რეაბილიტაცია, სპეციალური ტექნიკის შეძენა, ძველი და ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლება, კულტურული და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება კვლავ ერთგვარ გამოწვევას წარმოადგენს.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენელთა მხრიდან დასმულ საკითხებსა და 2027 წელს დაგეგმილ პროექტებზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა და მისმა მოადგილეებმა ისაუბრეს.
კომიტეტის გასვლით სხდომაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ „სვანეთისა და ლეჩხუმის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით წარადგინა.
მომხსენებლის განცხადებით, კანონპროექტის თანახმად, მესტიისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში შემდეგი დაცული ტერიტორიები შეიქმნება: მყინვარის ეროვნული პარკი, ლეჩხუმის ეროვნული პარკი, ხვამლის აღკვეთილი და ბუნების 10 ძეგლი.
მისი თქმით, აღნიშნული ეროვნული პარკებისა და აღკვეთილის მართვისთვის ორი ადმინისტრაცია შეიქმნება, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება.
გასვლით სხდომაზე კომიტეტის წევრები ტყით სარგებლობის პროცესთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციას გაეცნენ, რომელიც სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ გიორგი მიქელაძემ წარადგინა.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლით სხდომას სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული იოსებ ალიბეგაშვილი, პარლამენტის წევრი, ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების დელეგატი ანტონ ობოლაშვილი და მუნიციპალიტეტების საკრებულოების წარმომადგენლები დაესწრნენ.