პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ 2025 წლის ანგარიში განიხილა
საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო გულეიშვილმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის 2025 წლის ანგარიში წარადგინა.
მომხსენებელმა საანგარიშო პერიოდში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში გამოვლენილ დარღვევებზე, მათზე რეაგირების მექანიზმებსა და მიღებულ შედეგებზე ისაუბრა და კომიტეტის წევრებს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის აპარატის საქმიანობაზე ინფორმაცია გააცნო.
მისი თქმით, 2025 წელს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში რეგისტრირებულია 2330 კორესპონდენცია და 1052 სამართლებრივი რეკომენდაცია/შუამდგომლობა. საანგარიშო პერიოდში, მოქალაქეების მხრიდან აპარატში 1058 განცხადება დარეგისტრირდა, საიდანაც 506 წყალმომარაგების ინფრასტრუქტურასა და მომსახურების ხარისხთან დაკავშირებულ, 444 - ელექტრომომარაგების, ტარიფებისა და მომსახურების, 106 - გაზმომარაგების, 2 - ირიგაციის საკითხებს უკავშირდება.
ნინო გულეიშვილის განცხადებით, 2025 წელს საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის რეკომენდაციის საფუძველზე, მომხმარებლებს 188 583 ლარი უკან დაუბრუნდათ.
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა როგორც დედაქალაქში, ასევე საქართველოს რეგიონებში გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებასთან ერთად, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში გამოვლენილი დარღვევების ოდენობა გაიზრდება. „სამსახურის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება საზოგადოების ცნობიერების გაზრდა და მათი უფლებების დაცვაა. ამ მიზნით, სამსახურმა არაერთი საინფორმაციო ხასიათის ღონისძიება გამართა. 2025 წლის საქმიანობის სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს სამსახურის მიმართ საზოგადოების გაზრდილ მიმართვიანობას, მომხმარებელთა დაცვის კანონიერების მასშტაბურობასა და მის შედეგებს“, - აღნიშნა ნინო გულეიშვილმა.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებლის ანგარიშის განხილვა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა.