ნინო წილოსანი და მარიამ ლაშხი მოძრაობა „მრავალშვილიანები, საქართველოს“ წევრებს შეხვდნენ

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი და ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი მოძრაობა „მრავალშვილიანები, საქართველოს“ წევრებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერასა და საქართველოში დემოგრაფიული პოლიტიკის განვითარებაზე.
„მრავალშვილიანი ოჯახების წარმომადგენლებთან სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მხრიდან შემოთავაზებულ პროგრამულ დახმარებებზე ვისაუბრეთ, რომლებსაც ეს ოჯახები იღებენ. განვიხილეთ მათ მიერ წარმოდგენილი ინიციატივები და ასევე ვისაუბრეთ, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფოს პოზიტიური ჩართულობით გაუმჯობესდეს ჩვენი ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობა“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია მრავალშვილიანი ოჯახების დამხმარე პროგრამების გაფართოება.
„შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მრავალშვილიანი ოჯახებისთვის სპორტულ ინფრასტრუქტურასა და ფინანსურ შეღავათებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, ასევე საინფორმაციო კამპანიებისა და მიზნობრივი მხარდამჭერი პროგრამების განხორციელებას“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.