Loading data...
ნიკოლოზ სამხარაძე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შეხვდა

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ბრენდან ჰანრაჰანს შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს ორი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ ღირებულებით თანხვედრაზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივი სარგებლისკენ მიმართული თანამშრომლობის საკითხები.

„შეხვედრაზე დავადასტურე, რომ მზად ვართ, დავიწყოთ მუშაობა ახალ შეთანხმებაზე, რომელიც ურთიერთსასარგებლო იქნება. გამოვყავით რამდენიმე მიმართულება, რომელიც გააძლიერებს ახალ თანამშრომლობას“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

განხილვის თემას წარმოადგენდა საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევები და რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეები. ყურადღება გამახვილდა რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და მათ გავლენაზე საქართველოს უსაფრთხოებაზე.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს შუა დერეფნის განვითარების საკითხი.

„სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ „შუა დერეფნის“ განვითარებაზე მათ შორის „ტრამპის მარშრუტზე“. აღვნიშნე, რომ ქართული მხარე მიესალმება „ტრამპის მარშრუტის“ განხორციელებას, რადგან მივიჩნევთ, რომ ეს არ არის ალტერნატივა „შუა დერეფნის“ და საქართველოს მარშრუტისთვის არამედ პირიქით, ეს არის შუა დერეფნის შემავსებელი ფაქტორი“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე და ამერიკული კომპანიების მონაწილეობაზე მსხვილ ეკონომიკურ პროექტებში.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც შეხვედრებს მართავს აშშ-ის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.