Loading data...
ნიკოლოზ სამხარაძე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა.

მინისტრთან შეხვედრაში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისისა და თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული კრების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები და სამი ქვეყნის - საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის - დელეგაციის წევრები.

შეხვედრისას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების სამმხრივი ფორმატის უდიდეს მნიშვნელობას ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების პროცესში.

მხარეებმა საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის არსებულ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ - მათ შორის, ნავთობსადენის, გაზსადენისა და რკინიგზის - პროექტებზე ისაუბრეს.

საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ახალი და გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი პროექტები იყო, რომლებმაც სამხრეთ კავკასიის გავლით ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს უნდა დააკავშიროს.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესისა და მოლოდინების შესახებ ისაუბრა.

შეხვედრისას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს, მიმოიხილეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები, მათ შორის, ირანის ირგვლივ განვითარებული პროცესები და სირიაში არსებული ვითარება.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით ბაქოში იმყოფება.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი დავით დოლიძე.