მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარდგენილი ანგარიშები განიხილა
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებულმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველმა მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარდგენილი სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს შესაბამისობის აუდიტისა და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ 2022-2023 წლებში განხორციელებული საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის აუდიტის ანგარიშები განიხილა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა თორნიკე შერმადინმა სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს შესაბამისობის აუდიტის მიგნებები და რეკომენდაციები წარადგინა.
მისი თქმით, აუდიტის პერიოდი 2022-2023 წლებს მოიცავს და აუდიტის ძირითადი მიგნებები იყო: მრავალჯერადი ნებართვების გასაცემად გამართული კონკურსი, ნაკლოვანებები საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით, ნებართვების მართვისა და გაცემის პოლიტიკა, ასევე დამატებითი ბარიერების შემოღება მესამე ქვეყნების ნებართვების გაცემის პროცესში.
მომხსენებლის განცხადებით, აღნიშნული მიგნებებიდან გამომდინარე, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიმართ სამი რეკომენდაცია გაიცა, რომლებიც სააგენტომ უკვე შეასრულა.
მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კეკელიშვილმა სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ 2022-2023 წლებში განხორციელებული საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის აუდიტის ანგარიში წარადგინა.
მისი თქმით, აუდიტის შედეგად გამოვლენილი მიგნებები უკავშირდება: პარტნიორთან შეთანხმებამდე გაწეულ ხარჯებს, ინვენტარიზაციის პროცესის ნაკლოვანებებს, თანამშრომელთა ნამუშევარი დროის კონტროლს, პრემიების დასაბუთებასთან დაკავშირებულ ნაკლოვანებებს და ქვეყნის გარეთ მივლინებასთან დაკავშირებული დოკუმენტირების ხარვეზებს.
როგორც გიორგი კეკელიშვილმა განაცხადა, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიმართ 11 რეკომენდაცია გაიცა, საიდანაც 9 რეკომენდაცია უკვე შესრულდა, ხოლო ორს მიმდინარე სტატუსი აქვს.