Loading data...
მარიამ ლაშხმა სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის დაარსებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის დაარსებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

მარიამ ლაშხმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ინსტიტუტის მრავალწლიან ისტორიასა და მნიშვნელოვან როლზე, რომელიც ინსტიტუტმა საქართველოში მეცნიერების განვითარებაში ითამაშა.

მისი თქმით, სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი წლების განმავლობაში იყო და კვლავ რჩება უმნიშვნელოვანეს სამეცნიერო ცენტრად, სადაც მომუშავე მეცნიერებს მნიშვნელოვანი წვლილს შეაქვთ ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის განმტკიცებასა და ახალი თაობის მკვლევართა აღზრდაში.

„გილოცავთ შრომის, ბრძოლის, აღმოჩენებისა და სიძლიერის 80 წლისთავს. ეს არის დრო, რომელმაც დაგვიტოვა დიდი სახელები, მაგრამ ასევე დიდი პასუხისმგებლობაც, რომ ტრადიცია გავაგრძელოთ. მჯერა, რომ სოხუმის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი მომავალშიც იქნება ერთ-ერთი ძლიერი საყრდენი საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სფეროში“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ინსტიტუტის თანამშრომლებს მრავალწლიანი შრომისა და ერთგულებისათვის და აღნიშნა, რომ სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია მეცნიერების განვითარება, ინოვაციების ხელშეწყობა და ახალგაზრდა მკვლევართა მხარდაჭერა.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართეს: თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დავით კუპატაძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.

ღონისძიებას ესწრებოდა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით 15-17 ოქტომბერს სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი მართავს საერთაშორისო კონფერენციას თემაზე - "თანამედროვე მასალები და ტექნოლოგიები“.

კონფერენციაში ადგილობრივი, საერთაშორისო სამეცნიერო და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობენ.