Loading data...
მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საპარლამენტთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით, ბუდაპეშტში ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს.

მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის გაფართოების საკითხზე გამართულ დებატებში მიიღო მონაწილეობა, სადაც ევროკავშირის უსაფრთხოების კონტექსტში გაფართოების პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა და გეოპოლიტიკურ კონტექსტში საქართველოს როლს გაუსვა ხაზი.

„გასულ წელს, ევროკავშირმა ევროპაში ყველაზე მოწყვლად და ყველაზე მტკიცე ევროპული მისწრაფებების მქონე ქვეყანას - საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ჩვენ კარგად ვიცით რა არის რუსული აგრესია. გამოცდილი გვაქვს, რამდენად რთულია ქვეყნის ტრანსფორმაცია, უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, როცა რუსეთის მიერ გრძელდება საქართველოს რეგიონების ოკუპაცია. მიუხედავად ამისა, მოვახერხეთ ხელშესახები პროგრესის მიღწევა და საქართველო ვაქციეთ მიმზიდველ ქვეყნად, უდიდესი შესაძლებლობებით, რომელსაც შეუძლია წვლილი შეიტანოს ევროპის უკეთესი მომავლის ფორმირებაში”, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

მაკა ბოჭორიშვილმა გაფართოების პროცესის შეუფერხებლად წარმართვის საჭიროებაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყების საჭიროებას.

„გაფართოების მოლაპარაკებების დაწყების დაგვიანებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ქვეყნის პროგრესს და გამოყენებული იქნას როგორც დესტაბილიზაციის ინსტრუმენტი, როგორც ეს მოხდა 2 წლის წინ, როდესაც საქართველოს უარი ეთქვა კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, დაუსაბუთებელ აღქმების საფუძველზე, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გაძლიერება არის ინვესტიცია ევროპის უსაფრთხოებაში, სტაბილურობასა და კეთილდღეობაში“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

გაფართოების საკითხებზე გამართულ დებატებში ევროკავშირის კომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეი და უნგრეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრი იანოშ ბოკა მონაწილეობდნენ.

ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა (CFSP) და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) საპარლამენტთაშორისო კონფერენცია ბუდაპეშტში ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის - უნგრეთის მასპინძლობით იმართება და მასში ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების ეროვნული პარლამენტების და ევროკავშირის ინსტიტუტების მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ქარუმიძე და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი ხატია წილოსანი.