Loading data...
მაია ბითაძე რუსთავის ჭალის ტყის აღდგენა-განაშენიანების პირველი ეტაპის პრეზენტაციას დაესწრო

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე რუსთავის ჭალის ტყის აღდგენის პირველი ეტაპის პრეზენტაციას დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

„პარლამენტის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და რუსთავის მერიის ერთობლივი ძალისხმევით, რუსთავში მნიშვნელოვანი ეკოლოგიური პროექტი იწყება. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის ერთადერთი ერთობლივი პროექტი, რადგან ჩვენ რუსთავში ჰაერის დაბინძურების პრევენციის საკითხებზეც ასევე ინტენსიურად ვმუშაობთ. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ხელშესახები შედეგები არც ტყის ჭალის აღდგენაზე და არც ჰაერის დაბინძურების სრულ პრევენციაზე დღეისათვის არ გვაქვს, ერთობლივი მუშაობის შედეგად ისეთი მყარი საფუძვლებია ჩაყრილი, რომ მომდევნო წლებში, როგორც ვიზუალურად, ასევე ეკოლოგიურად მნიშვნელოვან შედეგებს მივიღებთ. აღსანიშნავია, რომ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენა ერთ-ერთი პირველი პროექტია, რომელზეც თანხა გარემოს დაცვის ფონდიდან გამოიყო და ვფიქრობ, რომ ამ თანხის დახარჯვა მიზანმიმართულად და მიზნობრივად ხდება“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

ჭალის ტყის აღდგენა-განაშენიანების პირველი ეტაპის პრეზენტაცია რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ წარადგინა. მისი თქმით, რუსთავში ჰაერის ხარისხის და ეკოსისტემის გაუმჯობესებისთვის, ათწლეულების ეკოლოგიური პროექტის განხორციელება იწყება.

როგორც პრეზენტაციისას აღინიშნა, ჭალის ტყის განვითარებისთვის 320 ჰექტარი ტერიტორიის განაშენიანება და პირველ ეტაპზე, 20 000 ნერგი მუხის, თელას და ფშატის დარგვაა გათვალისწინებული. პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება ტურისტული მარშრუტების და საინფორმაციო სივრცეების მოწყობა.

ღონისძიებას, პარლამენტის წევრი, რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში ლევან ხარაბაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და გარემოს დამცველები დაესწრნენ.

რუსთავის ჭალის ტყის აღდგენის პროექტი გარემოს დაცვის ფონდიდან დაფინანსდება. ეს არის პირველი პროექტი, რომელიც გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შედეგად აკუმულირებული თანხებით განხორციელდება.